ზაზა მარიდაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ როდესმე ხელისუფლებაში მოვლენ. 14 კი არა, 34 წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამნაირი ოპოზიციის ხელში“

29

„პირველ რიგში, მინდა შევეხო ქართველი „მეპროტესტეების“ რეაქციას უნგრეთში მიმდინარე პროცესებზე. კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ჯანსაღი პროტესტის მონაწილეებს — ისინი უფრო მობილიზებული ჯგუფებია, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებენ და ცდილობენ ხმაურით წარმოაჩინონ პროტესტის მასშტაბი, გარკვეული ძალებისთვის სარგებლის მისაღებად, არეულობისა და დესტაბილიზაციის ფონზე“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განწყობებზე საუბრისას განაცხადა.

„საინტერესოა რა უხარიათ ამ ძალებს? ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს, რაც ორბანის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით ახასიათებდა: პირველი – ევროკავშირში სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, მათ შორის პერსონალური სანქციების, ბლოკირება და მეორე – უკრაინისთვის გათვალისწინებული 90-მილიარდიანი დახმარების შეზღუდვა.

თუნდაც დავუშვათ, რომ ეს დახმარება გაიხსნა და უნგრეთმა ვეტო მოხსნა — ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ევროკავშირისთვის მისაღები იქნება? დღეს დასავლეთი სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, და მსგავსი მოცულობის ფინანსური დახმარება მისთვის მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ამ დახმარების საკითხი დროში გაიწელება ან ნაწილობრივ განხორციელდება, როგორც ეს ხშირად ხდება საერთაშორისო ფინანსური პაკეტების შემთხვევაში.

რაც შეეხება სანქციებს – რით ვეღარ მიხვდნენ ეს „უსამშობლოები“, რომ პიროვნული სანქციები ვერავის დააზარალებს იქ, სადაც ქვეყნისა და ეროვნული ინტერესები დგას.

„მადიარობა“ რომ უნდათ, როგორ წარმოუდგენიათ, ვინ არის მადიარი? ან რა კონტექსტში აკავშირებენ ერთმანეთთან საქართველოსა და უნგრეთის პროცესებს? უნგრეთში არ მომხდარა რადიკალური იდეოლოგიური ცვლილება — უფრო სწორად, ერთი და იმავე პოლიტიკურ სივრცეში არსებული ძალებიდან ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა იმ ჯგუფზე, რომელიც სიახლესა და განახლებას ჰპირდებოდა.

საქართველოს კონტექსტში კი ჩნდება კითხვა — რას სთავაზობს ოპოზიცია საზოგადოებას ახალს? მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოქმედი ხელისუფლება საკუთარ დღის წესრიგში აყენებს რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და ასე შემდეგ. ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და თავის თავზეც გრძნობს, ამიტომ ამ რადიკალურ ძალებს ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ როდესმე ხელისუფლებაში მოვლენ. 14 კი არა, 34 წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამნაირი ოპოზიციის ხელში“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.