ზვიად შალამბერიძე: „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ – იქნება ეს ამერიკა, ევროპა თუ ჩვენი ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა – ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა, თუმცა ეს ურთიერთობა აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს“

19

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ – იქნება ეს ამერიკა, ევროპა თუ ჩვენი ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა – ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა, თუმცა ეს ურთიერთობა აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

„ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენ არ ვართ და ვერც ვიქნებით განსაკუთრებულად მიკერძოებული ვინმეს მიმართ. ყველა საკითხს პრაგმატულად ვუყურებთ და შესაბამისად ვდგამთ ნაბიჯებს.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია დღევანდელი ვითარებაც. მაგალითად, დღეს თურქეთში გამართულ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ერდოღანს შეხვდა. მანამდე დასრულდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტიც. ეს პროცესები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა – აზერბაიჯანმა და სომხეთმა – შეძლეს მშვიდობაზე საუბარი და მისი შენარჩუნება. შედეგად, დღეს სამხრეთ კავკასია გარკვეულწილად მშვიდობის პლაცდარმად იქცა იმ რთულ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს. ეს არის სწორედ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ამ რეგიონში ერთ-ერთი პირველი აწარმოებდა. სწორედ საქართველო გამოვიდა ინიციატივით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შემრიგებლური როლი შეესრულებინა.

აქედან გამომდინარე, გვაქვს ამბიცია, რომ – იქნება ეს ამერიკა, ევროპა თუ ჩვენი რომელიმე მეზობელი ქვეყანა – ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა. თუმცა ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ერთ მთავარ პრინციპს: ეს ურთიერთობა უნდა იყოს თანასწორი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.