„ეს რადიკალური ძალები შიგნითაც ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან. ფაქტობრივად, ყველა მხარე ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას და საერთო პოზიციაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად შალამბერიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„გარკვეული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ აღარ დარჩებიან რადიკალური ძალები. მთავარი საკითხი ის არის, რომ პოლიტიკური სივრცე გაიწმინდოს „მაჯლაჯუნებისგან“, რომელიც ჩვენს ქვეყანას მტრობენ და ადგილი დაეთმოს პრაგმატულ ოპოზიციას – ჯანსაღი აზროვნების ადამიანებს, რომლებიც არ არიან გასვრილები 2012 წლამდე რეჟიმში და ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებაზე ფიქრობენ.
ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლება დათმეს, ნამდვილად არ ელოდნენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ დაბრუნებას. იმ პერიოდშიც — 2012 წელს და შემდგომ კოაბიტაციის პროცესშიც — მათ ჰქონდათ მხარდაჭერა ევროკავშირისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი და ილუზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებდნენ ოთხი ან, მაქსიმუმ, რვა წლის შემდეგ.
ამიტომაც იყო, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიხილეთ მასშტაბური გამოსვლები და აქციები. პროცესები განსაკუთრებით 2020 წლიდან გამწვავდა. დღეს კი რეალობა არის ის, რომ ეს ადამიანები გამწარებულები არიან, რადგან ხედავენ, როგორ კარგავენ მხარდაჭერას და როგორ მცირდება მათი მხარდამჭერების რაოდენობა. წლების განმავლობაში ჰქონდათ მოლოდინი, რომ შედეგს მიაღწევდნენ, თუმცა დღეს, როდესაც უკვე მეორე და მესამე ვადაც მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ემატება და ემატება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს რადიკალური ძალები შიგნითაც დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან. ფაქტობრივად, ყველა მხარე ლიდერობის პრეტენზიას აცხადებს და ერთ პოზიციაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. უკვე თავადაც აცხადებენ, მათ შორის „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ამ ალიანსით არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანები ოდესმე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციაზე იქნებიან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


