„ევროპასთან ურთიერთობა ჩვენი გაცხადებული მიზანია და მას აქვს ძლიერი ეკონომიკური და პრაგმატული საფუძველი. თუმცა ევროკავშირის მიღმაც არსებობს არაერთი ქვეყანა, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობების განვითარება“ – ეკა სეფაშვილი

16

„ევროპასთან ურთიერთობა ჩვენი გაცხადებული მიზანია და მას აქვს ძლიერი ეკონომიკური და პრაგმატული საფუძველი. თუმცა ევროკავშირის მიღმაც არსებობს არაერთი ქვეყანა, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობების განვითარება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„საელჩოების საქმიანობასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ სასურველია მათი მუშაობა უფრო პროაქტიული იყოს მასპინძელ ქვეყნებში, რადგან ისინი ყველაზე უკეთ აფასებენ იქ არსებულ მდგომარეობას.

უკეთ რომ ავხსნა, რას ვგულისხმობ, მაგალითად მოვიყვან დღევანდელ ფაქტს – გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში „სტარბაქსი“ იხსნება, რაც ქუვეითისა და თურქეთის საელჩოების ხელშეწყობით განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ საელჩოებმა გარკვეული როლი შეასრულეს ამ პროცესში. ამასთან, „სტარბაქსი“ მხოლოდ ყავა არ არის — ეს გლობალური ბრენდია, რომელიც სხვა ინვესტორებსაც აძლევს სიგნალს, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხოა.

მე არ მომწონს საელჩოების პასიურობა. ჟურნალისტებმა მკითხეს დღეს, შემეძლო თუ არა დამესახელებინა კონკრეტული საელჩოები, რომლებიც არასათანადოდ მუშაობენ, თუმცა ჩემი მიზანი კონკრეტულად ვინმეს კრიტიკა არ ყოფილა. ვფიქრობ, ხშირად სტერეოტიპებში ვიკეტებით და გვგონია, რომ ყურადღება აუცილებლად ნეგატიურზე უნდა გამახვილდეს. პირადად მე, პირიქით, დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების ასეთი ტიპის მუშაობასთან დაკავშირებით, და სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მსგავსი პრაქტიკა სხვებმაც უნდა გაიზიარონ.

რაც შეეხება გერმანიას, რომელიც ნეგატიურად არის განწყობილი ჩვენს მიმართ და მისი ელჩი საერთოდ გასულია დიპლომატიური მომსახურების ზონიდან, ამავე დროს, გერმანიაში მოქმედი ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ძალა — „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) — ბუნდესტაგში აგზავნის შეკითხვებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა არსებობს.

ისმის კითხვა: ხომ არ შეუშლიან ხელს ამ პროცესებს ის ხელისუფლებები, რომლებიც საქართველოს მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილნი? ამ მხრივ საინტერესო მაგალითია ბრიუსელის დამოკიდებულება — მიუხედავად კრიტიკული პოზიციებისა, საქართველოს მიერ ინიცირებულ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტს მაინც პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობას თავისი ლოგიკა აქვს და შესაბამის ატაშეებს — იქნება ეს ეკონომიკის თუ კულტურის მიმართულებით – თავისუფლად შეუძლიათ ამ მიმართულებით მუშაობა.
ამასთან, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რატომ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებიც შესაძლოა არამეგობრულად არიან განწყობილნი? არსებობს მრავალი ნეიტრალური ქვეყანა, რომელთანაც ასევე შეგვიძლია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.

საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის ინტერესებში შედის მრავალმხრივი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ევროპასთან ურთიერთობა ჩვენი გაცხადებული მიზანია და მას აქვს ძლიერი ეკონომიკური და პრაგმატული საფუძველი. თუმცა ევროკავშირის მიღმაც არსებობს არაერთი ქვეყანა, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობების განვითარება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.