„როდესაც ევროკავშირი, ერთიანი პოზიციიდან გამომდინარე, ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების გატარებას, რომლებიც ცალკეული ქვეყნების ინტერესებს აღარ პასუხობს, ასეთ შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალია“ – ეკა სეფაშვილი

34

„როდესაც ევროკავშირი, ერთიანი პოზიციიდან გამომდინარე, ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების გატარებას, რომლებიც ცალკეული ქვეყნების ინტერესებს აღარ პასუხობს, ასეთ შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალია. მსგავსი საკითხები დროთა განმავლობაში გროვდება, და ერთ-ერთ მაგალითად ხშირად მოიხსენიება ლგბტ პროპაგანდა, რომლის მიღებასაც ისინი ცდილობენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„დღეს უკვე დაახლოებით 13 ქვეყანაშია მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში ამას თან ახლდა ძლიერი წინააღმდეგობა — მიუხედავად იმისა, რამდენად განვითარებულია კონკრეტული ქვეყანა. მაგალითად, 2013 წელს საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მასშტაბური პროტესტები მოჰყვა. საზოგადოებაში იყო მაღალი დაძაბულობა და საკმაოდ აგრესიული გამოსვლებიც დაფიქსირდა. მსგავსი წინააღმდეგობა შეინიშნებოდა საბერძნეთშიც.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ თავად ევროკავშირის შიგნითაც არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ერთიანი პოლიტიკის გატარებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ღირებულებებსა და იდენტობას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებები. ერთია, როდესაც საუბარია საერთო ბაზრის სტრატეგიაზე — მაგალითად, სურსათის უვნებლობაზე, პროდუქტის უსაფრთხოებაზე და სხვა სტანდარტებზე — ეს საერთო წესები პირდაპირ ემსახურება ეკონომიკურ ინტეგრაციას და ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, და მეორეა, როდესაც ეს ყველაფერი გადადის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ჭრილში, რომელსაც არავითარი საერთო აღარ აქვს უკვე ეკონომიკურ ეკონომიკურ სარგებელთან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.