ზაზა შათირიშვილი: „დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული – ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება“

16

„უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართველ და არა მხოლოდ ქართველ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი, თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და, ასევე, ვრცლად ვისაუბრე აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც რთულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრპროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული“, – აღნიშნულია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში.

„ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც წერილში იყო აღწერილი – ორბანმა სასტიკად წააგო, რამეთუ გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა. ცხადია, სწორედ მსგავსი სცენარი იყო გათვლილი „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე გლობალური ომის პარტიის მხრიდან და ძალიან დასანანია, რომ ორბანს არ ეყო პოლიტიკური და რაციონალური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.

ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, თავისთავად კი, მისთვის დავალებების მიმცემ ოლიგარქიულ ოჯახებს ორბანის თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული, არ დაუმალავს დონალდ ტრამპს. არჩევნებში დამარცხებისთანავე, მან ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია და ისეთი კმაყოფილებით ჩარეცხა, წარბიც კი არ შეუხრია. პარალელურად, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები, არსებობენ მხოლოდ მორჩილი და დავალების შემსრულებელი მარიონეტები, ხოლო ურჩ მოთამაშეებს, რომლებიც „დიპ სტეიტის“ გეგმებს ვერ გაშიფრავენ და მათ ხაფანგებს ვერ გაუმკლავდებიან, სწორედ ორბანის მსგავსი ბედი ელოდებათ.

ახლა კი ქართულ კონტექსტს და ჩვენს ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ – ცხადია, უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და მათ მითითებებს დაუმორჩილებელი ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ. თამამად შემიძლია ვთქვა და პასუხი ვაგო საკუთარ სიტყვებზე, რომ დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული – ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით, კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ, გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო – მათი უმთავრესი მიზანია, ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათდამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და, როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს. საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინდელი დღის – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე.

რაც შეეხება კრიმინალი პოლიტიკოსების განეიტრალებას, პარტიების აკრძალვას და ღიად მოღალატე, მტერთან კოლაბორაციონისტი ფიგურების სამართლებრივ სასჯელს – ეს ნაბიჯი გლობალური ომის პარტიას მცირედითაც კი ვერ შეუშლის ხელს. ოლიგარქიული ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც, საბოლოოდ, რევოლუციით და კანონიერი ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულდეს, ხოლო ამ გზას რომელი მარიონეტის ხელით გაივლიან, მათთვის საერთოდ უმნიშვნელოა. სახელებსა და გვარებს „დიპ სტეიტისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც უმნიშვნელოა მათთვის ადამიანი, პიროვნება. ისინი პასპორტით ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს განიხილავენ როგორც მათი ამოცანების შესრულების ინსტრუმენტს. არ იქნება ერთი, იქნება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ისე, როგორც ჰაერს არ დაელევა მტვრის ნაწილაკი, ჩვენს ქვეყანასაც არ დაელევა მოღალატეთა ახალი ნაკადი.

სწორედ ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს და სამშვიდობოს გავა – ბოროტ ძალას, რომელსაც საქართველოს დამონება, დამორჩილება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უნდა, არ აინტერესებს, რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში – მათთვის მთავარია, მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება და ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, ამ ღალატზე ხელისმომწერი ხალხი კი ქვეყანაში მუდმივად გამოჩნდება. აიკრძალება “ნაციონალური მოძრაობა?” შექმნიან ახალ პარტიას და ყველა რესურსს ახალი პარტიისკენ გადაისვრიან. გასამართლდება სააკაშვილი? პრობლემა არ არის – შექმნიან ახალ მორჩილ „ლიდერს“ და მასზე დახარჯავენ ქართველი ხალხის მოსატყუებელ რესურსს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისა და გააზრებულად მოქმედებისკენ მოვუწოდო. მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან სრულად უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ, რომელსაც, ერთი შეხედვით, კავშირი არ ექნება კრიმინალურ პოლიტიკურ ბანდასთან, მაგრამ ცხადია, ის იქნება სრულად დამორჩილებული „დიპ სტეიტისა“ და ომის პარტიის მითითებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სანამ ეს ძალა ბობოქრობს და მსოფლიოს დამონება სურს, ვერანაირი პარტიისა და აგენტის განეიტრალება ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი. მთავარია ინფორმირებულობა, მათი ხაფანგების წინასწარ გამოცნობა და განეიტრალება, რაშიც ქართველ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება უკვე აქვს.

დაბოლოს, არცთუ ისე სახარბიელო პროგნოზების მიუხედავად, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება. რაც მთავარია, ყველა მათი ქმედება მიანიშნებს, რომ სრულ ინფორმაციას ფლობენ მიმდინარე მოვლენებზე და არათუ ინფორმაციის ანალიზის ძალიან კარგი უნარი აქვთ, ბოლო წლებში ხელისუფლება ქართველ საზოგადოებასაც დაეხმარა, პროცესებში სრულყოფილად გარკვეულიყო. დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რა ძალა ებრძვის საქართველოს, ამიტომ მწამს, რომ გლობალური ომის პარტიის გაუჩერებელი მცდელობების მიუხედავად, კვლავ დაიმონონ საქართველო, პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება ამ სირთულეებს, ქართველი ხალხის სახით იმხელა რესურსი და ენერგია აქვს, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება“, – ნათქვამია შათირიშვილის წერილში.