შალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობა მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა. უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, – რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია”

16

“ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობის მოპოვება მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა. მამლის ყივილამდე უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, – რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველამ მიულოცა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდათ ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, რომ თითქოს, კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება, თითქოს, კოალიციური უმრავლესობა არის არადემოკრატიული და თითქოს, ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატიული. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება?!

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურის ეს თავიც გადავფურცლოთ.

გვარწმუნებდნენ, თითქოს ერთპარტიული, კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდი და ანტიდემოკრატიულია. თავად ბრიუსელმა დაადასტურა, რომ მთავარია, ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ, თავისი ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი. დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ მამლის ყივილამდე უარყვეს ყველაფერი, რასაც გვიმტკიცებდნენ, – რომ კონსტიტუციური, ერთი პარტიის უმრავლესობა ცუდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.