„ოპოზიცია, ალბათ, ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად, სინამდვილეში კი, საქართველო, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, არის ლიდერი მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ტემპებით“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
„საქართველოს მოწყობა და მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ყველა ასპექტში საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველია ყველასთვის. ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელით, საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს.
ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტი უკვე სხვა მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს საქართველოს და მის შესაძლებლობებს. შესაბამისად, იგი წაახალისებს ასევე არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


