შალვა პაპუაშვილი: „ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამეში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი“

15

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს. ვაკვირდებით, რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს. როგორც ჩანს, მისი [რუმენ რადევის] პარტია იქნება გამარჯვებული და მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების საშუალება. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს. იმედია, რომ ასეც მოხდება“, – აღნიშნა მან.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა რუმენ რადევის პრორუსულობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.

„ვინც ერთ რამეშიც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა პრორუსია, ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, „ქართული ოცნება“ – პრორუსად. ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, პრორუსად შეირაცხა. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის – რუმენ რადევის პარტია ლიდერობს.