დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა იმართება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
„ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემთვის დიდი პატივია, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო საფრანგეთს თავმჯდომარეობის პერიოდში დიალოგის ხელშეწყობის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.
ასევე, მოველით მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეულის ფარგლებში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს.
კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს.
დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს.
ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას.
რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება.
ამავდროულად, უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები.
მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება,
უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ.
ფორუმის მანდატის გათვალისწინებით და წინა თავმჯდომარე ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით, საქართველო უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:
პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე.
შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ, როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგრადობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში.
მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში.
მისი მიზანია, გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე, განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება.
სამივე პრიორიტეტულ სფეროში საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობაზე.
ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს გამოცდილება ხაზს უსვამს ეუთო-ს საქმიანობის მნიშვნელობას.
ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას.
სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა.
ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენასა და საფუძვლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას.
საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC) კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად.
ასევე, მსურს გაცნობოთ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე.
განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას.
საქართველო თავმჯდომარეობისთვის მზაობას ადასტურებს ეუთო-ს საქმიანობაში კონსტრუქციული მონაწილეობის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების განუხრელად შესრულებისა და რთული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავებაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებით.
რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით დაგროვილი გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს ეუთო-ს საქმიანობის უმაღლეს დონეზე წარმართვას.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს.
ამასთან, მათთან გასამკლავებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით მოქმედება ეუთო-ს არსის შესაბამისად.
საქართველო თავმჯდომარეობას იწყებს პასუხისმგებლობით, სრული მზაობითა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ მტკიცე ერთგულებით.
მოველით ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC), ხელი შევუწყოთ საერთო მიზნების მიღწევას და უზრუნველვყოთ ეუთო-ს მხრიდან შედეგების მიღწევა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.


