თამარ ჩიბურდანიძე „ოპოზიციურ ალიანსზე“: „მათი ერთობა იდეურ საფუძველზე არ დგას, ეს უფრო რევოლუციური ერთობაა, რომლის ერთადერთი მიზანი რევოლუციის გზით ხელისუფლების ჩამოგდება და დამხობაა, თუმცა ამგვარმა სცენარმა უკვე ამოწურა თავისი დრო – „მკვდარი უჯრედების“ გაცოცხლება შეუძლებელია“

18

„მათი ერთობა იდეურ საფუძველზე არ დგას, ეს უფრო რევოლუციური ერთობაა – გაერთიანება რევოლუციისთვის. მათი ერთადერთი მიზანია რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოგდება და დამხობა, რაც იდეად ვერ ჩაითვლება – ეს არის მათი ქმედებების მიზანი – იდეა და იდეოლოგია სრულიად სხვა ცნებებია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა, თამარ ჩიბურდანიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ასეთ ეკლექტურ პარტიებს ვხედავთ ერთად თავმოყრილს, რომლებიც მართალია თავს ლიბერალებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს — როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე შეხედულებებში და როცა თითოეული პარტიის ლიდერი საკუთარ „ჩოხას“, ანუ თანამდებობას, საკუთარ თავზე იზომავს, ბუნებრივია, ასეთი გაერთიანება ვერ იქნება მყარი.

რა ინფორმაციაც ჩვენამდე აღწევს და რა ხმებიც გარეთ გამოდის, სავარაუდოდ, იმის ძალიან მცირე პროცენტია რაც რეალურად კულისებში ხდება და რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა ვგრძნობთ და შესაბამისი დასკვნების გამოტანა რთული არ არის.

დღეს რას აკადრებენ ერთმანეთს და ესენი რომ ხელისუფლებაში, თან რევოლუციის გზით მოვიდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ქვეყანაში.

თუმცა ეს არ არის მოსალოდნელი და ვერც განხორციელდება, რადგან ამ სცენარმა უკვე ამოწურა თავისი დრო, წარსულს ჩაბარდა და „მკვდარი უჯრედების“ გაცოცხლება არის შეუძლებელი“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.