„რეალურად, ოპოზიციური სპექტრი მნიშვნელოვანწილად გაერთიანებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ საყრდენ ძალად კვლავ ეს პარტია რჩება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა, თამარ ჩიბურდანიძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ სააკაშვილი კვლავ ბელადობას ითხოვს და აცხადებს, რომ მის გარეშე ოპოზიცია ხმებს ვერ მიიღებს, ამ ნაწილში მის პოზიციას ვეთანხმები. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი მნიშვნელოვანწილად გაერთიანებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ საყრდენ ძალად კვლავ ეს პარტია რჩება.
რამდენი ლიდერიც არ უნდა შეცვლილიყო პარტიაში, სააკაშვილის ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, ნაწილმა პოლიტიკოსებმა დატოვეს პარტია და დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანებები შექმნეს. თუმცა ეს ახალი პარტიებიც, მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, კვლავ იმავე პოლიტიკური წრიდან მოდიან და, არსებითად, იმავე გავლენის მატარებლები არიან – განსხვავება მხოლოდ მათ სახელწოდებებშია.
აქედან გამომდინარე, თუ სააკაშვილი არ იქნება ამ ალიანსის ლიდერი, „ბელადი“, და თუ ხალხი „მიშა, მიშას“ ძახილს არ დაიწყებს, ხმებს ვერ მოიპოვებენ.
რაც შეეხება ბოკერიასა და გვარამიას პოზიციას, გარკვეულწილად გასაგებია მათი სურვილი, რომ რებრენდინგი და პოლიტიკური განახლება უნდათ, მაგრამ ავიწყდებათ ის გარემოება, რომ ისინიც ძველი სახეები არიან, იმ 9-წლიანი რეჟიმის სახეები და იმ სისხლში ამათაც აქვთ ხელები გასვრილი.
პოლიტიკაში არსებობს ტერმინი – „დაბერებული პოლიტიკოსი“, რაც ასაკს არ გულისხმობს. ეს ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პოლიტიკურ ველზე ხანგრძლივი ყოფნა თავად პოლიტიკურ სახეს „აბერებს“. საზოგადოებას კი, როგორც წესი, სჭირდება სიახლე — ახალი სახეები და სუფთა იმიჯის მქონე ფიგურები“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


