თამარ ჩიბურდანიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: „იმედი მაქვს, უკვე მივადექით სამართლიანობის აღდგენის ეტაპს“

18

„იმედი მაქვს, უკვე მივადექით სამართლიანობის აღდგენის ეტაპს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა, თამარ ჩიბურდანიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან – რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი და ხომ არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეწყალება. მირეკავენ ადამიანები, რომლებმაც, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იციან, რა დაატრიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში და რა შედეგები მოუტანა ქვეყანას მათმა ქმედებებმა.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული პოლიტიკური ძალა დღესაც აგრძელებს იმავე რიტორიკით მოქმედებას და რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნებას. ისინი კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას რევოლუციური გზით და არ გამორიცხავენ ძალადობრივი სცენარების გამოყენებასაც.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილება, როდესაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხა. მაშინ საზოგადოებრივი მობილიზაცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ძველი ხელისუფლება იძულებული გახდა ძალაუფლებას ჩამოშორებოდა. აღნიშნულ პროცესზე გარკვეული გავლენა იქონია საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებმაც. მიუხედავად ამისა, სააკაშვილს ეგონა, რომ ოთხ წელიწადში ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა.

განსაკუთრებით სამწუხაროა მათი ამომრჩევლის მდგომარეობა, რადგან ეს პოლიტიკური ძალა საკუთარ მხარდამჭერებსაც არ აწვდის რეალურ სურათს – უკვე 14 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ, ყოველი არჩევნების შემდეგ, აანონსებენ ვადამდელ არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილებას. თუმცა ეს მოლოდინები მუდმივად არ მართლდება“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.