ვატო შაქარიშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე:„ისინი უნდა განიდევნონ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობიდან, რადგან მათთან ერთად ამ ქვეყნის აღმშენებლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიანობაზე საუბარი შეუძლებელია და შეუთავსებელია“

16

„ისინი უნდა განიდევნონ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობიდან, რადგან მათთან ერთად ამ ქვეყნის აღმშენებლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიანობაზე საუბარი შეუძლებელია და შეუთავსებელია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა ვაფასებთ და ვიაზრებთ, რომ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. თუ გვსურს ეს მშვიდობა იყოს მყარი და არა მყიფე, და ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, ამისთვის აუცილებელია ორი კომპონენტი: პირველი – საგარეო პრიორიტეტების გადახედვა, მათი შესაბამისობაში მოყვანა ახალ მსოფლიო რეალობასთან და ევროილუზიიდან გამოსვლა; და მეორე – აგენტურული ქსელის, ანუ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, საბოლოო ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან.
ეს არის ორი აუცილებელი პირობა, რომელიც სჭირდება ქვეყანას, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა, სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

ხშირად მოგვისმენია ფრთიანი ფრაზა – „30 წელია მოჯადოვებულ წრეზე ვტრიალებთ“. ეს მართლაც ასეა და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ორი კომპონენტი არ გამოსწორდება.

13 წელია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფლობს სახელისუფლებო ბერკეტებს, კვლავ მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებს, ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და აგრძელებს ადამიანების მკვლელობასაც კი — არა იმ მასშტაბით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას ახერხებდა, როცა ათიათასობით ოჯახი გააუბედურა, წაართვა სიცოცხლე, ქონება და ღირსება.

დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ ჯამბულ გამცემლიძე, ია მეტრეველი, გიორგი ზერეკიძე და კობა ოთანაძე. მინდა კიდევ ერთხელ მოვუხადო მათ ბოდიში, რადგან მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას იმაში, რომ 2026 წელს ამ ადამიანებს კვლავ უწევთ საუბარი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი საქმიანობა შეფასდეს არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივად და ამას მოჰყვეს კონკრეტული შედეგები.

ისინი უნდა განიდევნონ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობიდან, რადგან მათთან ერთად ამ ქვეყნის აღმშენებლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიანობაზე საუბარი შეუძლებელია და შეუთავსებელია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.