„ჩვენ არ ვართ ევროპის მოწინააღმდეგეები, თუმცა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული ინტერესია“ – ვატო შაქარიშვილი

23

„პროევროპული ილუზიები უკვე სამ ათწლეულს ითვლის. ამ ილუზიებში ცხოვრებამ, მათზე პოლიტიკის აგებამ და ქვეყნის მართვამ თუ უმართაობამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყნის რეალური ინტერესები დაიჩრდილა და დაგვავიწყდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„იყო პერიოდი, როდესაც ინფორმაცია შეზღუდული იყო და ერთგვარი „რკინის ფარდა“ ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, გარდა ევროინტეგრაციისა. ამ ილუზიებმა გადაფარა ჩვენი რეალური ეროვნული ინტერესები, საგარეო პოლიტიკა სრულად მოწყვიტა რეალობას და თავიდანვე აგებული იქნა უტოპიურ მიზანზე – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მან შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და რთულ პროცესებს გაუძლო – რაც ნამდვილად დასაფასებელია – უახლოეს მომავალში შეძლოს იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარ წარმატებად წარმოაჩენს და რომელიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.

ჩვენ გვჭირდება, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა იყოს მყარი და არა მყიფე. ამ სანდოობასა და პროგნოზირებადობას კი ხელს უშლის ის გარემოება, რომ კონსტიტუციურად დეკლარირებულია ევროატლანტიკური კურსი და სახელისუფლებო ინსტიტუტები აქტიურად ცდილობენ ასოცირების შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებით ნაკისრი პირობების შესრულებას. ამავე დროს, 2030 წლისთვის გვპირდებიან გაწევრიანებას იმ გაერთიანებაში, რომელიც, მათივე შეფასებით, მძიმე ეკონომიკურ, ღირებულებით და პოლიტიკურ კრიზისშია და ამავდროულად ჩვენგან მოითხოვს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულობაზე და სუვერენიტეტზე უარის თქმას.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მსგავსი ეგზისტენციალური საკითხები უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს, ფაქტებსა და მონაცემებს. ეს ფაქტები და მაჩვენებლები კი მიუთითებს საპირისპიროზე – რომ ევროკავშირში არსებული მდგომარეობა მომავალში გაუმჯობესების ნაცვლად შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. ბოლო 15 წლის ტენდენციაც ამას აჩვენებს: ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში ფაქტობრივად განახევრებულია; ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 0-დან 1%-მდე მერყეობს, ხოლო რიგი ქვეყნები რეცესიაშიც იმყოფება; უსაფრთხოების კუთხით, უკვე ოთხი წელია კონტინენტზე ომი მიმდინარეობს, რომლის დასასრულიც ჯერ არ ჩანს. ამასთან, არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ლიდერობა, რომელიც ამ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს და ოპტიმიზმის საფუძველს შექმნის.

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ან ევროპული სახელმწიფოების მოწინააღმდეგეები, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ. ამ ყველაფერს ვამბობთ გულისტკივილით. ჩვენი ინტერესიც არის, რომ ევროპული ქვეყნები იყვნენ ეკონომიკურად ძლიერი, უსაფრთხო და სტაბილური, რადგან „შუა დერეფანი“, რომელიც ჩინეთის გლობალური ეკონომიკური პროექტის ნაწილია და რომელშიც მრავალი ძლიერი, მწარმოებელი და ტვირთწარმომქმნი ქვეყანა მონაწილეობს, მნიშვნელოვან სარგებელს სწორედ ევროპას აძლევს. შესაბამისად, ჩვენი ბუნებრივი ინტერესია, რომ იგი არ დასუსტდეს, არ ჩამოიშალოს და არ განადგურდეს. თუმცა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის საქართველოს ეროვნული ინტერესი – რომ არ მოვყვეთ იმ ნანგრევებში, რაც ამ ძველი მსოფლიო წესრიგის ჩამოშლას შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.