“მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.
ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში.
შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.


