„მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება ამ ადამიანებს უბრალოდ ვერ გამოუვათ, რადგან ეს პარტიები და პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არიან გამოზრდილები და ჰყავთ ერთი პოლიტიკური „მშობელი“ — მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ალიანსის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„გინდოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები და ის მწირი ელექტორატული მხარდაჭერა, რაც მათ გააჩნიათ, და ამავე დროს ცდილობდე მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებას – ეს ჰგავს ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას.
თუ გადავხედავთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას და მის პოლიტიკურ ეგოს, ერთი რამ აშკარაა – ის ვერ ეგუება სიტუაციას, სადაც თავად არ არის მთავარი მოქმედი პირი და ასეთ დროს აუცილებლად გადადის თავდასხმაზე და კრიტიკაზე, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც.
ამ ალიანსს არ გააჩნია არც მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და არც შინაარსი. იგი ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს, დაცლილია ღირებულებებისგან და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს მძიმე პოლიტიკური წარსული აქვთ. ეს ყველაფერი სააკაშვილს კარგად ესმის და ის არ დაუშვებს, რომ ამ ალიანსმა მის ირგვლივ არ იტრიალოს და მთავარი ფიგურა თვითონ არ იყოს.
დაახლოებით ერთი თვის წინ ვთქვი, რომ ეს ალიანსი განწირული იყო იმ მომენტიდანვე, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავყვანისცემა შეირყეოდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ისინი უკვე იმ რეალობის წინაშე დგანან, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა ეს ალიანსი დატოვოს“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


