„საბერძნეთსა და საქართველოს შორის სცენარი თითქმის იდენტური იყო, თუმცა ის, რაც საბერძნეთში მოხდა, საქართველოში ვერ განხორციელდა“, — ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, საბერძნეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ საბერძნეთი ტრადიციულად ქრისტიანული ქვეყანაა. ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს რელიგიურ ადამიანად მიიჩნევს.
რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი ათონზე, ვატოპედის მონასტერში, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სასულიერო პირებს ვესაუბრე. ისინი გამოხატავდნენ უდიდეს წუხილს, ასევე გაკვირვებასა და განცვიფრებას აღნიშნული გადაწყვეტილების გამო. გარდა ამისა, ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესებს და გვახსოვს, როგორი წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა ამ საკითხს საბერძნეთის მოსახლეობის მხრიდან.
ეს პროცესი 2-3 წლის წინ არ დაწყებულა. ეს იყო გრძელვადიანი, კარგად დაგეგმილი და შეფუთული სტრატეგია. ჯერ კიდევ 2015 წელს დაკანონდა სამოქალაქო პარტნიორობის აღიარება ლგბტქ თემის წარმომადგენლებისათვის. ამას მოჰყვა მასშტაბური პიარ-კამპანია.
პოლიტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობს, უკვე კარგად არის გაშიფრული და ნაცნობი. პირველ ეტაპზე ხდება ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება — აქტივისტებისა და ენჯეო სექტორის ფინანსური მხარდაჭერა. შემდგომ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას, და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ეკლესიაზე შეტევა. ვინაიდან ეკლესია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ძალას, განსაკუთრებით ისეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი და საქართველო.
საბერძნეთი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ იმ გარე ძალების მიმართ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ქსელი აქვთ ამ მიმართულებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ძალებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიული კამპანიების წარმოების. ნათლად ჩანდა, როგორ მოქმედებდნენ ენჯეო სექტორი და მათ მიერ მხარდაჭერილი მედიები, როგორ შემოედინებოდა უზარმაზარი ფინანსები, რომელიც ემსახურებოდა არაჯანსაღ მიზნებს – სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას, რელიგიური შუღლის წახალისებას, პოლიტიკური არეულობის შექმნასა და ეკლესიაზე ზეწოლას. ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი და ორგანიზებული.
აღსანიშნავია ის ძალისხმევა და მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკვანძო გადაწყვეტილება — ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მსგავსი მავნე იდეების პოპულარიზაციის შეზღუდვას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა აღნიშნული კანონპროექტების გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოექცა და გვახსოვს როგორი განცხადებები კეთდებოდა და ახლაც კეთდება, საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა და შეაფასა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები კონკრეტული საფრთხეების პრევენციას ემსახურებოდა.
საბერძნეთსა და საქართველოს შორის სცენარი თითქმის იდენტური იყო, თუმცა ის, რაც საბერძნეთში მოხდა, საქართველოში ვერ განხორციელდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს აწ უკვე გარდაცვლილ უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს, რომელმაც 17 მაისის ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებით მკაფიოდ აჩვენა როგორც მსოფლიოს, ისე იმ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში და დიდ ფინანსურ რესურსებს ხარჯავდნენ, რომ საქართველოში ეს ვერ განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


