საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
„პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოს ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არა-წევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და უსაფრთხოების საერთო ინეტერსები გაგვაჩნია.
თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.
ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ.
დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.
გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს – ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა


