„რეალურად, მათი ეს გაერთიანება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა, თუმცა სწორედ ამით კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სახე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლადო ბოჟაძემ „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
„2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ მალევე დაისახეს გეგმა — დაშლილიყვნენ და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად განაწილებულიყვნენ. ამით სურდათ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს აღარ ჰქონდათ კავშირი არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც მიხეილ სააკაშვილთან. მიზანი იყო, რომ ამ პარტიის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩენოდა, ხოლო მის ლიდერებს — გვარამიას, ბოკერიას, მელიას და სხვებს — თითქოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაეწყოთ.
ამ მცდელობას მათ არაერთხელ მიმართეს, მათ შორის რამდენიმე არჩევნების დროსაც, თუმცა ამ შემთხვევებშიც ნათლად გამოჩნდა საზოგადოების დამოკიდებულება: მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები, არამედ ყველა, ვინც რაიმე ფორმით იყო ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოში 2012 წლამდე მიმდინარეობდა.
მათი კიდევ ერთი გეგმა იყო „გაშლის სტრატეგია“ — ლიდერების ნაწილი სამოქალაქო სექტორში გადანაწილდა, ნაწილი მედიაში და სხვა სფეროებში. ამ ნაბიჯსაც ერთი მიზანი ჰქონდა – საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
რაც შეეხება ბოლო გაერთიანების მცდელობას, ეგრეთ წოდებულ „ოპოზიციურ ალიანასს“, მისი მთავარი მიზანი იყო, რომ თავიანთი გარე დამკვეთებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, თითქოს მზად იყვნენ საკუთარი ამბიციები უკანა პლანზე გადაეტანათ და ჩამოეყალიბებინათ ისეთი პოლიტიკური ერთობა, რომლის მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ შეცვლა იქნებოდა. თუმცა მათი ერთობის მოჩვენებითობაზე მიმდინარე დაპირისპირებაც მეტყველებს – ცდილობენ, თავად პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს კოალიციის ნაწილი, თუმცა ლიდერად მიხეილ სააკაშვილი აღარ ფიგურირებდეს.
რეალურად, მათი ეს გაერთიანება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა, თუმცა სწორედ ამით კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სახე.
წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები დღეს ასეთ მდგომარეობაში არიან და რა ვითარებაში იქნებოდა ქვეყანა, მათ რეალური ძალაუფლება და მმართველობისთვის საჭირო რესურსი რომ ჰქონდეთ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


