„თუ მომავალში გაჩნდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულებები სხვა პარტიების მიმართაც, არ არის გამორიცხული მათი საკითხიც დადგეს დღის წესრიგში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლადო ბოჟაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, ფაქტობრივად, განვაახლეთ სარჩელი, რომლის ხელმომწერებს შორის ვარ მეც პირადად და ჩემი პოლიტიკური გუნდიც. ასაკრძალი პარტიების სიას დაემატა მეოთხე სუბიექტი — „ფედერალისტები“, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, კონსტიტუციისა და ზოგადად კონსტიტუციური წყობილების მიმართ, რის საფუძველზეც გაჩნდა დამატებითი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომ ისინიც შეგვეყვანა აღნიშნულ სიაში.
მსგავსი პრეცედენტები არსებობს, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, და არაერთიც. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიისთვის, რადგან პოლიტიკური ძალა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას, და ის პარტიები, რომლებიც წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში იყვნენ და შემდგომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოეყვნენ მას, უნდა იზიარებდნენ შესაბამის პასუხისმგებლობას იმ მოვლენებისთვის.
თუ მომავალში გაჩნდება საფუძველი სხვა რომელიმე პარტიის მიმართაც და იარსებებს შესაბამისი მტკიცებულებები, არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში. რადგან თუ ასეთ პარტიებს აღარ ექნებათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა, მათ შორის 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და სამართლებრივი გადაწყვეტილების საფუძველზე ისინი საერთოდ აღარ იქნებიან წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენებში, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა უფრო კონკურენტულ და სამართლიან გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია, უკეთ წარმოაჩინონ თავი პოლიტიკურ ასპარეზზე და საზოგადოების მხარდაჭერაც მოიპოვონ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


