„ჰერჩინსკის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ — რომ თუ ვინმეს არ უნდა ქვეყანაში პოლარიზების შემცირება და სჭირდება დაძაბულობა, დაპირისპირება და პოლიტიკური დიალოგის არქონა, ეს სწორედ ევროკავშირია“ – ლადო ბოჟაძე

17

„ჰერჩინსკის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ — რომ თუ ვინმეს არ უნდა ქვეყანაში პოლარიზების შემცირება და სჭირდება დაძაბულობა, დაპირისპირება და პოლიტიკური დიალოგის არქონა, ეს სწორედ ევროკავშირია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლადო ბოჟაძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება და ამ პოლიტიკის გამტარებელი და გამხმოვანებელი სწორედ მათი ელჩია. მსგავსი შეფასება შეიძლება გაკეთდეს გერმანიის ელჩთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმართებითაც, თუმცა განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ჰერჩინსკი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, თავისი კარიერის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში ასე უღირსად აპირებს.

ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, უპირველეს ყოვლისა შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია — ის არ უნდა აკადრებდეს არც საკუთარ თავს, არც იმ ოცდაშვიდ სახელმწიფოს, რომელსაც წარმოადგენს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა აკადრებდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

ჰერჩინსკის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ თუ ვინმეს არ უნდა ჩვენს ქვეყანაში პოლარიზების შემცირება, თუ ვინმეს სჭირდება მეტი დაძაბულობა ქუჩაში, მეტი დაპირისპირება, პოლიტიკური დიალოგის არქონა და ასე შემდეგ, ეს არის ევროკავშირი.

დარწმუნებული ვარ, მას მოუწევს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და ახსნა-განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვს ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ელჩს ასეთი დამოკიდებულება და განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივად შიდა პოლიტიკურ პროცესებში ღია ჩარევას ნიშნავს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.