„ის, რაც დღეს ევროკავშირში ხდება და რასაც მოქმედი ევრობიუროკრატია ახორციელებს, ყოველგვარ ზღვარს სცდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
„ევროკავშირი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებას და, რა თქმა უნდა, ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას წევრი ქვეყანა გარკვეულ კომპეტენციებს თმობს – მაგალითად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა ის, რაც დღეს ევროკავშირში ხდება და რასაც მოქმედი ევრობიუროკრატია ახორციელებს, ყოველგვარ ზღვარს სცდება – ნებისმიერი სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელ და საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ატარებს, მათთვის ხშირად მიუღებელი ხდება.
ამის მაგალითად შეიძლება უნგრეთი და ვიქტორ ორბანის ხელისუფლება გავიხსენოთ, სადაც ევროკავშირის მხრიდან არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვიხილეთ. მიზეზი კი ის იყო, რომ ევრობიუროკრატია პირდაპირ იყო დაინტერესებული უნგრეთში ხელისუფლების შეცვლით და ისეთი პოლიტიკური ძალის მოყვანით, რომელიც არა უნგრეთისა და უნგრელი ხალხის, არამედ გაატარებდა თავად ევრობიუროკრატიის ინტერესებს.
ამ ფონზე გასაგებიცაა, რატომ ხვდებოდა გარკვეული მოლოდინებით ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იმ პროცესებს, რომლებიც ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ვითარდებოდა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ მსგავსი ცვლილებები საქართველოზეც აისახებოდა. თუმცა პეტერ მადიარმა ეს მოლოდინები არ გაამართლა და პირველივე კონფერენციაზე დაადასტურა, რომ მზად არის საქართველოს სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობა გააგრძელოს. ასე რომ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


