ლევან მაჭავარიანი სააკაშვილისა და ოპოზიციის ალიანსის დაპირისპირებაზე: „ორი თვეც ვერ შეძლეს ამ ფასადური ერთობის შენარჩუნება და ვერ დამალეს ის ზიზღი, რაც ერთმანეთის მიმართ თავიდანვე ჰქონდათ“

15

„ამ ადამიანებმა ორი თვეც კი ვერ შეძლეს ამ ფასადური ერთობის შენარჩუნება და ვერ დამალეს ის ზიზღი, რომელიც თავიდანვე ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ალიანსის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე აღარც ვიცი, მერამდენე პოლიტიკური ალიანსი ვიხილეთ — ისინი მუდმივად იშლებიან, ერთიანდებიან და კვლავ იშლებიან და ეს გრძელდება პრაქტიკულად დაუსრულებელად. თავადაც ღიად განაცხადეს, მათ შორის სააკაშვილმა და გვარამიამ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ შექმნილი მორიგი ალიანსი გარე მითითებების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი წევრები პრაქტიკულად ყველა დროის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ფიგურები არიან და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩვენი ბავშვობის თამაშს -„შტაბობანას“.

ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებად და საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს, შემდეგ ქმნიან ფორმალურ, უფრო სწორად, ფასადურ გაერთიანებებს და ამით ისინი ერთდროულად ცდილობენ დაარწმუნონ ერთმანეთი, საკუთარი თავი და, პირველ რიგში, თავიანთი გარე დამკვეთები, თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა.

ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებმა ორი თვეც კი ვერ შეძლეს ამ ფასადური ერთობის შენარჩუნება და ვერ დამალეს ის ზიზღი, რომელიც თავიდანვე ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სააკაშვილი და მისივე გამოზრდილი „მიშისტი“ ნაცები. ბუნებრივია, ეს სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დღეს უკვე აშკარად ჩანს მათ შორის არსებული დაპირისპირება.

მთელი ამ პროცესის შინაარსი კი ის არის, რომ ალიანსის ნაწილი აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად დროის გასვლისა, 14 წელი იქნება თუ 24, ვერ ჩამოირეცხავს სისხლიან წარსულს და მისი პოლიტიკური რეპუტაცია კვლავ მძიმე ტვირთად დარჩება. სწორედ ამიტომ ცდილობენ მისგან დისტანცირებას, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც იმ მძიმე პოლიტიკური წარსულის მატარებლები არიან, რადგან უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ 9-წლიან მმართველობასა და იმ საშინელ პროცესებში, რომლებმაც ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა.

შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ისინი სააკაშვილს გარიყავენ თუ არა, ვინაიდან როგორც სააკაშვილთან ერთად, ისე მის გარეშეც ურეიტინგოები არიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.