„ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში, შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
“რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა? რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების წახალისება და რადიკალური დღის წესრიგი? ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც, სხვათა შორის ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, არის მიუღებელი.
მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. როგორი განმარტებაც უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. სურათი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მიუღებელია.
მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის: ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.


