იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება”.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს, რომ საკუთარი ტყუილი გაავრცელოს და რამდენიმე წუთში მხილებულ იქნეს. ზუსტად იგივე შემთხვევა არის, მაგალითად, მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. არავითარი სამინისტრო არ იქმნება; იქმნება კონკრეტული თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციებს სამართალდამცავ ორგანოებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებამოსილებები რაც არის, მათი დელეგირება ხდება სახელმწიფო მინისტრზე. ამავე დროს, ის სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთანაც სრულ კომუნიკაციაში იქნება.
რა უფრო ლოგიკურია: რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო თუ 300-კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს სახელმწიფო მინისტრის საჭიროებებს (რაც შეიძლება იყოს მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური უზრუნველყოფის სახით)?
აქ ორი ვარიანტია: „ნაცმოძრაობაში“ შემავალმა პირებმა ან, უბრალოდ, წაკითხულის გააზრება არ იციან და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ან ცდილობენ, რომ მდარე პიარული მესიჯებით გააშავონ და საზოგადოება მოატყუონ საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ან – ორივე ერთად.
სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ცდილობენ, ასეთი იმიჯური დაზიანება მოახდინონ პიარული სვლებით, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუილის გამავრცელებლები თავისსავე დადებულ ნაღმებზე ფეთქდებიან ხოლმე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


