საქართველოს პარლამენტი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის კამპანიაში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტსა და საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესთან“ მემორანდუმი გაფორმდა.
ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარემ გიორგი გულიაშვილმა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის პროცესში სახელმწიფო უწყებების ჩართულობის მნიშვნელობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება.
„2015 წელს, ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში შეიქმნა „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რის შემდეგაც ნარჩენების მართვა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთო ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების კამპანიაში და არის პირველი სახელმწიფო უწყება, სადაც სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების ყუთები განთავსდა. ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის, რათა გაძლიერდეს მათი ჩართულობა ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესში. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნარჩენების კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ერთდროულად ეხება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, ასევე გარემოს უსაფრთხოებას.
„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ჯანსაღი გავხადოთ გარემო. მოხარული ვარ, რომ კამპანიური ხასიათის პროცესი პარლამენტიდან იწყება. ჩვენ მაგალითს მივცემთ არა მხოლოდ სხვა სახელმწიფო უწყებებს, არამედ, მთლიანად საზოგადოებას. ნარჩენი უნდა გარდაიქმნას ეკონომიკაში რესურსად – ეს ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა დავნერგოთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პარლამენტში სპეციალური ყუთები განთავსდა, რითაც ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების სეპარირებული შეგროვება იქნება უზრუნველყოფილი. ეს ხელს შეუწყობს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ნარჩენების არა ნაგავსაყრელზე განთავსებას, არამედ მის გადამუშავებას გულისხმობს.
„პარლამენტი უერთდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. მემორანდუმის გაფორმებით, საქართველოს პარლამენტში სპეციალური ყუთები დაიდგა, სადაც ექსპლუატაციიდან გამოსული და უკვე გამოუსადეგარი ტექნიკა განთავსდება. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში, სულ უფრო მეტი ელექტრონული ტექნიკა გამოიყენება და შესაბამისად, უფრო მეტია მისი ნარჩენი. ადრე თუ ეს ნარჩენები ნაგავსაყრელზე ხვდებოდა, ახლა ის ყუთებში განთავსება და შემდეგ გადამუშავდება“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ნარჩენების და გარემოს დაცვის მიმართულებით პრეზენტაციები ასევე გამართეს საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებმა.


