„ეს არ არის მხოლოდ ჰერჩინსკის პოზიცია და ამის შესახებ არაერთხელ აღგვინიშნავს. თუმცა, უკვე ადამიანურადაც აღარ იწვევს ეს ადამიანი მხარდაჭერას. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ იფიქრო, რომ მას მსგავსი განცხადებების გაკეთება დაავალეს, თუმცა პიროვნულად არ სურდა და იძულებული გახდა, გაეკეთებინა. მაგრამ უკვე წლებია, იგი არა მხოლოდ ამბობს, არამედ აკეთებს იმ საქმეს, რასაც საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნება ჰქვია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„სწორედ ჰერჩინსკი გამოდიოდა 2024 წელს მოწოდებით, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებულიყვნენ „ნაცმოძრაობის“ სახით. გვახსოვს, როგორ დადიოდა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში და რა განცხადებებს აკეთებდა – რომ მთავრობა არ მიდის ევროკავშირისკენ და ხმა უნდა მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა.
შესაბამისად, ჰერჩინსკის განცხადება მისი პირადი მოსაზრება არ არის, არამედ წარმოადგენს იმ ევრობიუროკრატიის პოზიციას, რომელიც ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავისივე წევრ ქვეყნებსაც – უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, პოლონეთს და ასე შემდეგ.
რა უნდა იყოს იმაზე მეტი მტკიცებულება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად არ ურთიერთობს ევროკავშირის ადმინისტრაციასთან, ან თუ ურთიერთობს, მოუწოდებს, რომ გონს მოეგონ და ევროპული ღირებულებები დაიბრუნონ.
ამ ფონზე, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი ბედავს გამოვიდეს და ჭკუა ასწავლოს ქართულ საზოგადოებას, თან ისე, რომ შეურაცხყოფას აყენებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების რეაქციაც და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. ეს შეიძლება არ მოეწონოს მხოლოდ იმ ადამიანს – პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს – რომელსაც აქვს მონური ფსიქოლოგია. თუ არ გაქვს თავმოყვარეობა, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს, ვეღარაფერი გიშველის. ეს არის მთელი არსი იმ რეაქციისა, რაც ჰერჩინსკიმ მიიღო ქართული საზოგადოების და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რადგან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩენა, ჩემი აზრით, „მკაცრ სამყაროში“ აღარ გამოდგება. საზოგადოება ელოდება ეფექტურ ნაბიჯებს და ცალსახა განცხადებებს.
ჰერჩინსკის განცხადება, ასევე რამდენიმე კვირის წინ გერმანიის ელჩის განცხადება, პირიქით მოქმედებს — მტკიცებულებები სწორედ მათ საწინააღმდეგოდ გროვდება.
ის, რასაც ჩვენ ვამბობთ – რომ სამწუხაროა, ევრობიუროკრატიაში „დიფსთეითის“ არსებობა, რომელიც ებრძვის, შეურაცხყოფას აყენებს რწმენას, რელიგიას და სხვადასხვა ღირებულებებს საქართველოში – სწორედ ასეთი განცხადებებით მტკიცდება და საბოლოო ჯამში შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კომისიაში, ისე სასამართლოში.
საბოლოოდ, ოქროს შუალედიც ეს არის: ჩვენ რეალურად ვათქმევინებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს იმას, რასაც კულისებში ვიგებთ, რათა საზოგადოებას მათი რეალური სახე დავანახოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


