„მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით მძიმე აღსაქმელია. განსაკუთრებით იმ გაერთიანების, იმ კავშირის ელჩისგან, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„მძიმე აღსაქმელია ის მოცემულობა, როდესაც ევროკავშირის ელჩი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ საუბრობს ისეთ სცენარზე, სადაც დაპირისპირება, სისხლისღვრა, გაღატაკება და სიღარიბე სასწორის ერთ მხარეს დგას იმის საპირწონედ, თუ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება არ შეასრულებს იმ მითითებებსა და დავალებებს, რომლებიც, არარჩეულ ევროპულ დედაქალაქებში, განსაკუთრებით კი ბრიუსელის ბიუროკრატიულ სტრუქტურებში ფორმირდება.
ჩვენ ეს ყველაფერი წიგნებში კი არ ამოგვიკითხავს, არამედ ჩვენს თვალწინ განვითარდა. განსაკუთრებით ჩვენი თაობა პირდაპირ მოესწრო 90-იან წლებს: დაპირისპირებას, სისხლისღვრას და სახელმწიფოებრივი რღვევის მძიმე შედეგებს. დღეს კი, როდესაც ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებასთან ერთად შეძლო ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე დაყენება, როდესაც ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა და საქართველო რეგიონში მშვიდობის კუნძულის სტატუსს ინარჩუნებს – ამ ფონზე მსგავსი განცხადებები მძიმე აღსაქმელია. განსაკუთრებით იმ გაერთიანების, იმ კავშირის ელჩისგან, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით.
ამ ფონზე, სწორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, როდესაც მინისტრმა ჰერჩინსკი დაიბარა და განმარტება მოითხოვა. თუმცა, ვერ წარმომიდგენია რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს, როგორ უნდა განმარტოს, რა კონტექსტი შეიძლება მოუფიქროს ასეთ თავხედურ, ზღვაგადასულ განცხადებებს. სწორედ ამიტომ, ვერ გააკეთა მან მედიასთან კომენტარი და უკანა კარიდან გაიქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჰერჩინსკის ფენომენი – მსგავსი დამოკიდებულებები არაერთხელ გვინახავს სხვა ელჩების მხრიდანაც. ისინი, ფაქტობრივად, გამომდინარეობს იმ დაუმორჩილებელი და ცალ ფეხზე არმდგომი ქართველი ხალხის პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სურს ეროვნული ხელისუფლება და არ უნდათ, თავში კაკუნით მოსდიოდეთ გადაწყვეტილებები და დირექტივები გარედან – ნებისმიერი ქვეყნიდან ან გაერთიანებიდან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


