„თუ ჩვენგან მოითხოვენ ოჯახური ღირებულებების დაკნინებას, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, ტრანსგენდერობის ნორმად დაკანონებას, ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფას ან პოლიტიკის გარედან მართვას – ეს აღარ იქნება ის ევროპა და ევროკავშირი, რომლისკენაც მივისწრაფით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„დიპლომატიურ სივრცეში, თუ ვინმე არ იქცევა დიპლომატიურად, ეს არ ნიშნავს, რომ შენც ასე უნდა მოიქცე. თუმცა აუცილებელია იყო პრინციპული და შესაბამისი პასუხი მოითხოვო. რაც დღეს მოხდა — ევროკავშირის ელჩი ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა დაიბარა და პასუხი მოსთხოვა — სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.
გვარებსა და სახელებზე გამოკიდება არასწორია, რადგან ჰერჩინსკის ნაცვლად შეიძლება სხვა პირი იყოს. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ მარათონში, რომელსაც ვმართავთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უნდა ვიმოქმედოთ შეცდომების დაშვების გარეშე. აგრესიის პირობებში კი შეცდომის დაშვების ალბათობა გაცილებით მაღალია.
ხელისუფლების მხრიდან არასოდეს ყოფილა თავდასხმა ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელზე ან ევრობიუროკრატზე — ყოველთვის იყო პასუხი.
არცერთი მცდელობა, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, თუმცა ხიდების დაწვა და იმ ღირებულებებზე უარის თქმა, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი, დაუშვებელია.
თუ ჩვენგან მოითხოვენ ოჯახური ღირებულებების დაკნინებას, თუ დაგვიყენებენ პირობად, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა უნდა გავრცელდეს, თუ ტრანსგენდერობა უნდა დაკანონდეს როგორც ნორმა, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი უგულებელყოფილი იქნება, ან პოლიტიკა გარედან უნდა იმართებოდეს — ასეთ შემთხვევაში ეს უკვე აღარ იქნება ის ევროკავშირი და ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით.
დღევანდელი ვითარება არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, 2030 წლისთვის როდესაც მზად ვიქნებით ევროკავშირის წევრობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ იქ დაგვხვდეს ისეთი ღირებულებითი გარემო, სადაც ყოფნა ნამდვილად მისაღები და სასურველი იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


