ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
„ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ აუცილებელია, ასეთი ტიპის კოორდინაცია ყოველდღიური იყოს. შესაბამისად, გარდა პოლიტიკაში შემობრუნებისა, ეს იქნება მამუკა მდინარაძის ვალდებულება და პასუხისმგებლობა – ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინაცია იყოს ჩვენა ძალოვან უწყებებს შორის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე ისაუბრა, რასაც უწყებამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია.
„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, სულ რაღაც, ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში გაჰქონდათ საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით, არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებასა და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს.
რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას: დამეთანხმებით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია ამაში. და თქვენ, პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ გვაქვს და კითხვას რომ გისვამენ, – რის ხარჯზე გაზრდიდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია – შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და ეს არის პოპულიზმი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


