პრემიერი: “გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით – კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის. ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა”

13

“ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად, სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. აქ, თავადაც ხვდებით, რომ საქილიკო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია რაღაც სპეკულაციების გავრცელებას. ეს მათი სახეა და არ არის საინტერესო”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ცვლილებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა:

„ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. გაჩნდა ახალი რგოლი – კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან. ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია, რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული.

რეალურად, იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები – შსს, სუს-ი, სდსს-ი და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი. ახალი თანამდებობა არის ამისათვის განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნვას.

ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით – კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით. ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა.

მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში. კონკრეტულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში.

მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული.

მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.