„ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა ნეიტრალური სტატუსია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე — ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა ისე, როგორც ამას ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი მისი წამყვანი სახელმწიფოები, გადაწყვეტენ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ – „ნეიტრალური საქართველო“ – რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმაზე დაყრდნობით, რომ ვაკვირდებით და ვაფასებთ საზოგადოების განწყობებს, ვაანალიზებთ პროცესებს და ამას ვუთავსებთ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
შესაძლოა, ზოგიერთს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ საკითხებში ხელისუფლებას ვეთანხმებით – ეს ეხება მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ წინსვლას ქვეყანაში. თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს არაერთი საკითხი, რომლებშიც ხელისუფლებას ვეწინააღმდეგებით, მაგალითად, საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლება ზედმეტად ლოიალურია. ეს ლოიალურობა ნაწილობრივ გამომდინარეობს იქიდან, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა 78-ე მუხლი, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. თუმცა მას შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და თუ მაშინ ვინმეს მართლაც ჰქონდა იმედი, რომ ნატო ან ევროკავშირი დადებით შედეგებს მოგვიტანდა, დღეს რეალობა არის სხვაგვარი.
ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ნატო აღარ წარმოადგენს უსაფრთხოების ქოლგას თავად მისი წევრი სახელმწიფოებისთვისაც კი. ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი მეორეს ემუქრება ტერიტორიის წართმევით და არ არის გამორიცხული, რომ ეს დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს. ვსაუბრობ აშშ-სა და დანიის ურთიერთობაზე გრენლანდიის საკითხთან მიმართებით.
ასევე დავინახეთ, როდესაც აშშ-ს დასჭირდა ნატოს სამხედრო ბაზების გამოყენება ირანის კონფლიქტთან მიმართებით, უარი მიიღო. ეს აჩვენებს, რომ ალიანსში კონსენსუსის პრინციპი სუსტდება. ზოგადად, როდესაც კონსენსუსის პრინციპი ირღვევა და ალიანსს გაურკვეველი მიზნები ამოძრავებს, ბევრი საკითხი დგება ეჭვის ქვეშ და საჭიროებს გადახედვას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნატო ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი.
ოპონენტები გვაკრიტიკებენ და კითხულობენ: თუ არა ნატო, მაშინ რა? მათ ვუსვამთ მარტივ კითხვას — დღეს, როდესაც ნატოს წევრი არ ვართ, საერთოდ ვისგან ვართ დაცული? ამასთან, ფაქტია, რომ ჩვენ არავინ გვიღებს ნატოში და ეს არაერთხელ გვითხრეს ძალიან მკაფიოდ. უფრო მეტიც, ის ქვეყნებიც კი არ მიიღეს ალიანსში, რომლებსაც დაჰპირდნენ გაწევრიანებას და სწორედ ამ დაპირებებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი იმაში, რა ვითარებაშიც დღეს უკრაინა იმყოფება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის ნეიტრალური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, და არა ისე, როგორც ამას გადაწყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი მისი წამყვანი სახელმწიფოები“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.


