ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე: „მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება არ კმარა, საჭიროა უფრო ეფექტურ ღონისძიებებზე გადასვლა“

15

„ევროკავშირის წარმომადგენლები — ბიუროკრატები თუ ლიდერები — გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ამას მოწმობს, თუნდაც, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელიც პირდაპირი მუქარის ხასიათს ატარებდა. ასევე გვახსოვს არაერთი მუქარა და შანტაჟი გერმანიის ელჩის მხრიდან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ვინ არიან ელჩები? ელჩი არის უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი კონკრეტულ ქვეყანაში და ცხადია, რომ არ მოქმედებს დამოუკიდებლად, საკუთარი ფანტაზიებით — იგი ასრულებს თავისი ქვეყნის მთავრობის დავალებებს და გამოხატავს იმ ინტერესებს, რაც მის ქვეყანას გააჩნია.

უნდა დაიმსხვრეს ილუზია, თითქოს მომავალში — პირობითად, 2030 წელს — ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლება, სხვაგვარად შეხედავენ საქართველოს და ა.შ. ნუ დავიჯერებთ, რომ ისინი ასე მარტივად „გამოსწორდებიან“, რადგან მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. აქედან გამომდინარე, თუ მათი მხრიდან დამოკიდებულება არ იცვლება, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო მკაცრი ზომები.

მაგალითად, რატომ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის? ამის მიზეზია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აშკარა მტრული ქმედებები. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა უკიდურესი გადაწყვეტილებების მიღება — დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ან რომელიმე ელჩის გაძევება, ვინაიდან შესაძლებელია ერთი ელჩის გაძევების შემდეგ სხვა, თავისი ქვეყნის დირექტივების არანაკლებად ერთგული შემსრულებელი ჩამოვიდეს. თუმცა დიპლომატიური პრაქტიკა ითვალისწინებს სხვადასხვა მექანიზმს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსგავსი ელჩების საქმიანობის შესაზღუდად — მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა, ოფიციალურ ღონისძიებებზე არმიწვევა და სხვა ზომები. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება არ კმარა, თუ ასეთი ნაბიჯები უშედეგოა, საჭიროა უფრო ეფექტურ ღონისძიებებზე გადასვლა“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.