„არავინ დაიჯეროს, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა ან რამე გამორჩათ — ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. როგორ შეიძლება, სამინისტროში ერთი სპეციალისტიც არ ჰყავდეთ, რომელიც ინფორმაციას გადაამოწმებს? საკმარისია, თუნდაც, სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შესვლა და გადამოწმება, ვინ არის დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„გერმანიის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ან სერიოზულად არ განიხილავს საქართველოს საკითხს, ან ვერ ახერხებს მის სათანადოდ გაანალიზებას. „ვერ ახერხებს“ კი იმას ნიშნავს, რომ უმეცრები არიან და არ იციან, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა ცხადია, ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. მათი ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ელჩი ჰყავთ საქართველოში — ფიშერი.
არავინ დაიჯეროს, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა ან რამე გამორჩათ — ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. როგორ შეიძლება, სამინისტროში ერთი სპეციალისტიც არ ჰყავდეთ, რომელიც ინფორმაციას გადაამოწმებს? საკმარისია, თუნდაც, სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შესვლა და გადამოწმება, ვინ არის დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.
აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას აწყდები, საჭიროა შესაბამისი, მკაცრი ზომების მიღება.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: რამდენჯერ შეიძლება დაიბარონ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან რამდენი ნოტა და განცხადება უნდა გაიგზავნოს?
ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, იმოქმედონ უფრო მკაცრად და გამოიყენონ ის დიპლომატიური პრაქტიკა, რომელიც არაერთხელ არის გამოყენებული საერთაშორისო ურთიერთობებში“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.


