„როდესაც მანტიამოსხმული კრიმინალები სხვადასხვა პარტიის სახელით აქტიურად მოქმედებენ და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რას და როგორ გეგმავენ ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო ამის საპასუხოდ მკაცრი ზომები არ მიიღება, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არ არის, რადგან აუცილებლად უნდა აიკრძალოს ის პარტიები, რომლებიც კრიმინალური ქმედებებით არიან დაკავებულნი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი პარტია — „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ — იყო ის პარტია, რომელმაც შეიტანა სარჩელი სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. სარჩელი აბსოლუტურად დასაბუთებული იყო, პროკურატურამაც დაიწყო გამოძიება. ასევე ვიცით, რომ მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიის სხდომები, სადაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა ამ პარტიების ლიდერებისა და წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ რა? — ერთი, გარეგნულადაც და შინაარსობრივადაც კარგად გაფორმებული წიგნი საპარლამენტო კომისიის შესახებ.
ეს არაფერია — პირდაპირ ვიტყვი, რადგან საზოგადოების დაკვეთა არის, რომ დამნაშავეები გასამართლდნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებამაც აიღო შესაბამისი ვალდებულება, თუმცა მხოლოდ წიგნი ამას ვერ უზრუნველყოფს. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ, რადგან უმრავლესობამ მას ხმა მისცა სწორედ იმისთვის, რომ ემართა ქვეყანა და აეღო პასუხისმგებლობა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის — სამართლიანობის აღდგენაზე.
როდესაც კრიმინალები, მანტიამოსხმულები, სხვადასხვა პარტიის სახელით კვლავ აქტიურად მოქმედებენ, მათ შორის — უცხოელების დაფინანსებით, და ჩვენ გვაქვს არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რას და როგორ გეგმავენ მომავალში ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო ამის საპასუხოდ შესაბამისი ზომები არ მიიღება — ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის კარგი.
ამ ადამიანებზე პროკურატურაში არსებობს მრავალი მასალა, გამოძიებაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, დასრულებულია, თუმცა განსასჯელის სკამზე ისინი ჯერ არ გვიხილავს.
უნდა აიკრძალოს ის პარტიები, რომლებიც პოლიტიკურზე მეტად კრიმინალური ქმედებებით არიან დაკავებულნი. ამიტომ ჩვენ არ მოვისვენებთ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას – ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.


