„განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, რაც ემსახურება მთავრობაში ძალოვანი ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – ასე გამოეხმაურა ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.
„დაემატა ახალი პოზიცია – სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შორის.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები ამ თემებთან დაკავშირებით და მინდა საზოგადოებისთვის უფრო ფართოდ გავშალო ეს საკითხი. თუმცა, სანამ ამაზე გადავალ, მინდა მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე არჩევა ბატონ გეკა გელაძეს და ვუსურვო მას წარმატებები. ის არის ძალიან გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, მრავალი წლის გამოცდილებით ძალოვან სტრუქტურებში. შესაბამისად, კარგად იცის სისტემა და ესმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ის გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ამ პოზიციაზე წარმატებული იქნება.
ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი არის ძალიან გამოცდილი კადრი და პრაქტიკულად გავლილი აქვს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობრივი საფეხური სამინისტროს სისტემაში. ის არის ამ სფეროში მიღებული და დაფასებული პროფესიონალი, და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობაც წარმატებული იქნება.
მინდა მივულოცო ბატონ ზურაბ პატარაძესაც, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად იქნა არჩეული, და ვუსურვო წარმატებები. მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ სამსახურში, ასევე იმ თანამდებობაზე, რომელიც მან დღეს დაიკავა.
რაც შეეხება ახალ პოზიციას — სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას — ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც ევროპულ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მსგავსი პრინციპითა და კონცეფციით შექმნილი თანამდებობები. მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი აშშ-ში, რომელიც არ არის მინისტრის პორტფელის მატარებელი, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტთან არის დაკავშირებული და კოორდინაციას უწევს სპეციალურ სამსახურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ გასულ წელს გაუქმდა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც აერთიანებდა მთავრობის სხვადასხვა წევრს და რომლის ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა გადადის სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციაში.
ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, საჭირო იყო თუ არა ამ თანამდებობის დამატება, პასუხი მკაფიოა — დიახ, იყო საჭირო. საბჭოს ფორმატი გაცილებით მოუქნელი იყო, ხოლო ახალი პოზიცია იქნება უფრო მოქნილი, ეფექტური და ორიენტირებული იმაზე, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია შესაბამის სამსახურებს შორის, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას უფრო სწრაფად და ეფექტურად, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
ამ ფონზე, ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული არგუმენტები არის სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


