გიორგი გაბუნია: „ჰერჩინსკი რასაც ლაპარაკობს, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრი არ არის – მისი განცხადებები და ქმედებები ნათლად ადასტურებს იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებებს, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს“

21

„ჰერჩინსკი რასაც ლაპარაკობს, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრი არ არის. ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში წარმოგზავნილია ელჩის სტატუსით და აქვს კონკრეტული დავალებები, აქედან გამომდინარე, მისი გამონათქვამები, განცხადებები და ქმედებები ნათლად ადასტურებს იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებებს, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც იგი შეხვდა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. ამ შეხვედრაზე ელჩს გააცნეს ჩვენი პოზიცია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე ის წუხილები, რაც არსებობს მისი პოზიციისა და მისი ხელმძღვანელების დამოკიდებულების მიმართ. ხაზგასმით ითქვა, რომ აღნიშნული მიდგომები და პოლიტიკა, რომელსაც დღეს ევრობიუროკრატია საქართველოსთან მიმართებით ახორციელებს, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის მხარეებს შორის ნდობის პროცესს, ნდობის გამყარებას, და მიმართულია იქითკენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შეფერხდეს, მაშინ როდესაც რეალურად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ღირსეული ქვეყანა, მათ შორის იმ კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის არსებობს.

ჩვენ ვთქვით და დღესაც იმავე აზრზე ვრჩებით: საქართველო განაგრძობს თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც გაცხადებულია და კონსტიტუციურ რანგშია აყვანილი. შესაბამისად, ის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჩვენი ამ კურსის საპასუხოდ, აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ ლოგიკას.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ბატონი ჰერჩინსკის საქმიანობას საქართველოში. გვახსოვს მისი ღია ჩარევები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში — როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე შემდგომ მოვლენებში, მათ შორის პარლამენტზე შეტევის, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევის, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობისა და ზოგადად ხუთი რევოლუციის მცდელობის. ის პირდაპირ იყო ჩართული ამ პროცესებში — არა მხოლოდ თავად, არამედ სხვა ელჩებთან ერთად, როგორც კოორდინაციის, ისე დაფინანსების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი უფროსებისთვისაც მოხდეს იმ პოლიტიკისა და მიდგომების გადაფასება, რომელიც არსებობს საქართველოსთან მიმართებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ საქართველო არის შემდგარი და ღირსეული ქვეყანა, და მასთან ურთიერთობა ვერ იქნება ისეთი, თითქოს ეს იყოს კოლონია ან გუბერნია, სადაც უსიტყვოდ შესრულდება ყოველგვარი აპელაციის გარეშე გაცემული დირექტივები. ეს დრო დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.