„კიდევ ერთი მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგაში და ცრუ აჟიოტაჟი. შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ ამ ყველაფრით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს მიიღებს პარლამენტი კანონში ცვლილებას, რომელიც 00:00 საათზე შევა ძალაში, ხოლო ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისია კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციაც რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, საბოლოო ჯამში, მათვე აზიანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაცია იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში ეფექტიანი. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება. თუ ნახავთ საფრანგეთს, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცველ უწყებებთან, ასევე, სპეციალურ სამსახურებთან. ასე რომ, მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, ერთი მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ამ დავალების შესასრულებლად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული და კოორდინაცია ამ მხრივ არის განმსაზღვრელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


