„გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლისთვის, სავარაუდოდ, დასჭირდება ტერიტორიების დათმობა. ასევე, ვიხილეთ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ერთიც და მეორე განცხადებაც თავის თავში გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობას, ევროკავშირის წევრობისთვის სუვერენიტეტის გაუქმებას ან თითქმის სრულად დათმობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მერცის განცხადების შემთხვევაში იგულისხმება, რომ უკრაინას თუ უნდა წევრობა, ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია, სუვერენიტეტი უნდა დათმოს. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას ევროკავშირის წევრობა თუ უნდა, არათუ სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა დათმოს, არამედ სახელმწიფო გააუქმოს. ჩვენ მაგალითად როდესაც გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირის წევრობას გულისხმობს.
ზუსტად ამას ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. ეს არის თვითმიზნობის შედეგი. ევროკავშირის წევრობა თუ არის თვითმიზანი, ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამიტომაც, სწორედ ამ გაგებით, ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, უფლება, თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინასა და მოლდოვას, როგორც პირობას, უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


