შოთა ბერეკაშვილი კომისიის მიერ მომზადებულის დასკვნის შესახებ: „დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში“

20

„ეს არის სამი მიმართულება და თითოეულ მიმართულებაში გაწერილია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სისტემურად. ეს არის საშუალოვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ინტერვენცია, რომ მომხმარებელმა ფასებზე შემცირება იგრძნოს. დასკვნა მოცულობითია, 104 გვერდია და იქ არის კონკრეტული მაგალითები მითითებული ევროკავშირის გამოცდილებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ რა მექანიზმებს მიმართეს“, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე შოთა ბერეკაშვილმა.

„ამ შემთხვევაში საუბარია მსუბუქ ინტერვენციაზე, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის საქციელზს, კონკურენციის გაჯანსაღებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო ფასი მიიღოს მომხმარებელმა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტორში უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. ეს შესაძლებელია განახორციელოს კონკურენციის სააგენტომ. ბაზრის მთავარი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურასა და საოპერაციო მოდელში, რომელშიც ფუნქციონირებს და სადაც იქმნება დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯები იქმნება იმიტომ, რომ კომერციული ურთიერთობა არის ასიმეტრიული, არასამართლიანი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია ამის გასწორება. ამას დასჭირდება დრო, შესაძლებელია, დასჭირდეს შესაბამისი კანონი.

დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას, ასევე, მოიცავს ფასწარმოქმნის ზუსტ შესწავლას. საბოლოო ჯამში, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და პრაქტიკებს. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. ჩვენ ამას კომპლექსურად ვუყურებთ, იმიტომ, რომ საბოლოოდ, ფასი, რომელსაც მომხმარებელი იღებს არის ამ სამი კომპონენტის ჯამი და ამათ ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, რომელიც უნდა გასწორდეს. ამ ურთიერთობების ბიზნესმოდელი ქმნის დამატებით ხარჯებს.

მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში. ეს ქმნის განსაკუთრებულად მაღალ ხარჯებს. აქ განსაკუთრებული რეკომენდაციები იქნება დასკვნაში, რადგან მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, თავის მხრივ, შეამცირებს ხარჯებს და საბოლოო ჯამში, ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულების, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებაში“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნას დაამტკიცებს. კომისიამ, სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გამართა.