საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცნობს საზოგადოებას.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც შესწავლილ იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი: საკვებ პროდუქტების სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი.
აღნიშნული დასკვნა დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე: შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასვე შევხვდით ასოციაციებს, ასევე, არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, მათი ბიზნეს პროცესები, ფინანსური სტაბილურობა. კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და, ამ საველე კვლევების ფარგლებში, განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე. მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 16 აპრილამდე.
დასკვნა ეფუძნება 3 მიმართულებას, ესენია: სისტემური გარდაქმნა, რომელიც იქნება საშუალოვადიანი პერიოდი (6-9 თვემდე). ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელები გვაქვს მოყვანილი – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, ჰოლანდია, და ამაზე უფრო დეტალებშია საუბარი – გადახდის ფორმებზე. ეს უკვე დეტალებია.
დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება.
გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას. აღებულია 4 ქვეყნის გამოცდილება და, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეს”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


