დიმიტრი ხუნდაძე: „ამ ეტაპზე, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას. შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური – არც, უბრალოდ, უარყოფა უარყოფისთვის და არც გაუაზრებელი მხარდაჭერა მხარდაჭერისთვის“

11

„რაც შეეხება თავად „ხალხის ძალის“ პოზიციას, მათ შორის, ჩემს პოზიციასაც: ჩვენ გაგვიჭირდება დღეს ამ დასკვნის მხარდაჭერა კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მასში მართლაც დიდი პროფესიული შრომაა ჩადებული, გუშინ 21:00 საათზე მოგვეწოდა, და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით მის სრულფასოვნად გაცნობას, რათა სრულყოფილი გადაწყვეტილება მიგვეღო“, – განაცხადა პოლიტიკური ჯუფის – “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწაველი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის დასკვნა განიხილებოდა.

„აქ ვნახეთ ბევრი საინტერესო დეტალი, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ (რაც, ხშირად, სპეკულაციის ნაწილია) ფასების მატება მხოლოდ შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. რა თქმა უნდა, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და მსოფლიო პროცესებიც უწყობს ხელს, თუმცა, ჩვენ შიდა ფაქტორები უნდა დავაზუსტოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

იყო შემთხვევები, როდესაც სამთავრობო გადაწყვეტილებები, გარკვეულ ნაწილში, პირიქით, ხელს უწყობდა ფასების ზრდას, და კარგია, რომ ჩვენი არაერთი შენიშვნა და პრეტენზია ნაწილობრივ გაითვალისწინა ხელისუფლებამ – ასეც უნდა იყოს. ოპონირების რეჟიმი სწორედ ამიტომ არის საჭირო და სასარგებლო, და უნდა გამოვიყენოთ იგი სწორად.

თუმცა, რომ დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს – მისი მხარდაჭერა გვიჭირს, რადგან მცირე დროის გამო ვერ შევძელით სრულფასოვნად მისი გაცნობა. ერთ საღამოში ასეთი დასკვნის წაკითხვა მარტივი არ არის – ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; საკმაოდ რთული დოკუმენტია და სჭირდება ჩაღრმავება. რაც შევამჩნიე, უფრო სამეცნიერო ნაშრომს ჰგავს, რაც, ალბათ, კარგ საფუძველს ქმნის სწორი რეკომენდაციების შემუშავებისთვის.

100-გვერდიან დოკუმენტზე ვერ ვიტყვი, რომ გამოუსადეგარია. აპარატს დიდ მადლობა ვუხდი – ყველას, ვინც დოკუმენტის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა, ნამდვილად ვაფასებ ამ შრომას. თუმცა, რეკომენდაციები ნაკლებად არის წარმოდგენილი.

მაგალითად, ფარმაკოლოგიურ სექტორში თქვენ კონკრეტული საკითხები დააყენეთ, და ძალიან მძიმეა, როცა მონოპოლისტურ ვერტიკალს ისევ აქვს ადგილი, როცა ერთი და იგივე სუბიექტი არის მწარმოებელიც, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც, კლინიკაც… ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ერთი დამკრძალავი ბიურო აკლია ამ ვერტიკალს – ეს რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით.

კიდევ ერთხელ ვამბობ – ვაფასებ ამ შრომას, კარგი დოკუმენტია, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ სრულად გავეცნოთ. ასევე აუცილებელია, რომ მეტი კონკრეტული რეკომენდაცია იყოს წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს. შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური – არც, უბრალოდ, უარყოფა უარყოფისთვის და არც გაუაზრებელი მხარდაჭერა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.