„არ მსურს სუბიექტური ვიყო და მხოლოდ პირადი მოსაზრებები გადმოვცე, არამედ მინდა გამოვხატო იმ ადამიანების ემოციები, სამართლიანი აღშფოთება და გაბრაზება, რასაც ვაწყდები არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც – რატომ ვერ დასრულდა ამათი გასამართლების პროცესი?“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სხვადასხვა პარტიებად მოიხსენიებიან, რეალურად ეს ერთი „ნაცსექტაა“, ერთი ბოროტი ძალა. მნიშვნელობა არ აქვს „ჩერგონავტები“ ერქმევათ, „ბოკერიასტები“ თუ „ფედერალისტები“ – ყველა ერთად უნდა აიკრძალოს.
გასაგებია, რომ წლების განმავლობაში არსებობდა კოჰაბიტაციის პროცესი, ამას ემატებოდა საგარეო ფაქტორებიც, რის გამოც მათი გასამართლება ვერ ხერხდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ამის დრო დადგა და პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს. არ ვიცი, რა არის ზუსტი სამართლებრივი ვადები, მაგრამ ცხადია, გაბრაზებულმა საზოგადოებამ შედეგი დროულად უნდა დაინახოს.
არ არის გამორიცხული, ახლაც ვაწყდებოდეთ გარკვეული გარე ძალების ჩარევას ამ საკითხში, თუმცა თუ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ „საკუთარი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, მაშინ არავის არ უნდა მოვუსმინოთ. უნდა მოვუსმინოთ მხოლოდ ხალხის დაკვეთას, ხალხის ხმას და მის სამართლიან აღშფოთებას — როდემდე უნდა გაიწელოს ეს პროცესი და რატომ ვერ დადგა ამათი გასამართლების დრო?
იმედია, ეს ხელისუფლებასაც კარგად ესმის, მით უმეტეს, რომ მათ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


