„დღეს ევროპაში არ არის პოლიტიკოსი, ვინც ამერიკის პრეზიდენტთან ამ დონეზე ისაუბრებს. ეს მისია საკუთარ თავზე დიდი ბრიტანეთის მეფემ აიღო და შესანიშნავად შეასრულა“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასა და ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს შორის, ურთიერთობები საკმაოდ გაცივდა და ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერმა კონფრონტაციული ხასიათიც მიიღო. ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა ირანისა და ჰორმუზის სრუტის გარშემო მიმდინარე პროცესების დროს.
ამან შეიძლება მიიღოს შეუქცევადი ხასიათი, რაც მთლიანად ცვლის ატლანტიკური ერთობისა და არქიტექტურის ჩამოყალიბებულ კონსტრუქციას, რომელიც არ არის მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ მოიცავს ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, კულტურულ და მსოფლმხედველობრივ განზომილებებსაც.
აღსანიშნავია, რომ დღეს ევროპაში პრაქტიკულად არ არის არც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შესწევს უნარი ან გააჩნია შესაბამისი ავტორიტეტი, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ამ დონეზე ისაუბროს – დიპლომატიური ენით, დახვეწილი იუმორითა და თბილი ტონით, ყველაფერი პირდაპირ და ამავე დროს გასაგებად უთხრას. სამწუხაროდ, ასეთი დონის პოლიტიკოსი დღეს ევროპას არ ჰყავს. ამიტომ ეს მისია საკუთარ თავზე დიდი ბრიტანეთის მეფემ იტვირთა და შეიძლება ითქვას, რომ მან ეს მისია შესანიშნავად შეასრულა. მისი ავტორიტეტი მსოფლიოში დღეს, ვფიქრობ, ძალიან მაღალია.
ამ მისიაში არის ერთი ყველაზე რთული საკითხი – ამ ერთობის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს რუსეთის დამარცხება, რადგან უკრაინის მხარდაჭერა სწორად არის დასახელებული, მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც რუსეთის დამარცხებაა. სწორედ აქ ჩანს, რომ რუსეთი პირდაპირ არ არის ნახსენები, და მისი „დამარცხების“ ღიად ფორმულირებისგან თავის არიდება, ჩემი აზრით, ბრიტანეთის მეფის ბრძნული სვლაა. მან დაიტოვა დიპლომატიური სივრცე – უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთი სტრატეგიულად უნდა დამარცხდეს – ბრიტანეთის მეფეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
რატომ? იმიტომ, რომ ბევრისგან განსხვავებით, მას ესმის: რუსეთის სტრატეგიული მარცხის ღიად გამოცხადება ნიშნავს რუსეთთან კონფრონტაციის ხარისხის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ყველასთვის უარყოფით შედეგებს მოიტანს და ეს აღარ იქნება მხოლოდ რუსეთის დამარცხება – ეს შეიძლება გადაიქცეს ფართომასშტაბიან ნგრევად, დესტაბილიზაციად.
საბოლოო ჯამში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის ვულგარული პროპაგანდა, რაც დღეს დამკვიდრებულია -ტერმინებით „მონავ“, „რუსო“ და მსგავსი – მიუღებელია. რუსეთი არასდროს ყოფილა მოწყვეტილი ევროატლანტიკურ ცივილიზაციას. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ყველა დიდი ომისა და კონფლიქტის დროს, მათ შორის ნაპოლეონის ეპოქის ჩათვლით, ისტორიულად რუსეთი ყოველთვის ევროატლანტიკური თამაშის ნაწილი იყო.
ამიტომ, საინტერესო პროცესები აუცილებლად გაგრძელდება და დრო გვიჩვენებს ეს მოვლენები ევროპასა და რუსეთს შორის კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუ შეთანხმებამდე მივა. კაცობრიობისთვის, ალბათ, უმჯობესია, რომ ეს პროცესი შეთანხმებისკენ წავიდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


