„ის, რომ ევროკავშირის შიგნით პრობლემებია, აშკარად ჩანს თავად ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებშიც“ – ირაკლი ქადაგიშვილი

13

„ის, რომ ევროკავშირის შიგნით პრობლემებია, აშკარად ჩანს თავად ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებშიც“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რომ ევროკავშირის შიგნით პრობლემებია, თავად ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებშიც აშკარად ჩანს. მათი დღის წესრიგში უკვე დგას, მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღების წესების შეცვლა – საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს უფრო ელიტური ქვეყნების ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს და კონსენსუსის აუცილებლობა შემცირდება ან საერთოდ გაუქმდება. ეს უკვე თვისებრივად განსხვავებული მოდელია. ამიტომაც ვამბობთ, რომ როგორი იქნება ევროკავშირი ხვალ, დღეს ზუსტად თქმა შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების წინადადებაც გონივრული იყო – მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავადვე განაცხადეს, რომ დიალოგს აჩერებენ. ჩვენც ვთქვით, რომ აღარ დავიწყებთ ყოველ ექვს თვეში თხოვნას – „იქნებ დაგველაპარაკოთ“. გავაგრძელებთ განვითარებას და 2028 წელს კვლავ შევალთ ახალი წინადადებით.

ზოგს ევროკავშირთან ურთიერთობა ჰგონია მხოლოდ ფორმალური ჟესტები — თითქოს ურთიერთობა იმით შემოიფარგლება, რომ აქ ჩამოსულ ევროკავშირის წარმომადგენელს წითელ ხალიჩას გავუფენთ, ან ჩვენი წარმომადგენელი ჩავა ევროპაში და იქ დაგვხვდებიან ანალოგიურად. სინამდვილეში, ევროპა და ევროკავშირი ნიშნავს კომპლექსურ, სისტემურ განვითარებას – დაწყებული მრეწველობიდან, დასრულებული ფასებითა და სხვა მრავალი ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ რაც რეალურად კარგია ევროპაში, ის პრაქტიკები გადმოვიღოთ და დავნერგოთ. აქ არ იგულისხმება პოლიტიკური გადაწყვეტილებები – საუბარია სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.