„პარადოქსულ მდგომარეობაში ვართ. ეს უკვე აღარც ლავირებაა და აღარც სტრატეგიული მოთმინება – შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ეროვნულ უთავმოყვარეობაში გადადის. ის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არ ნიშნავს, რომ ეროვნული ღირსება, თავმოყვარეობა და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება არ გაგვაჩნია“ – ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციაზე

19

„ევროკავშირთან მიმართებით პარადოქსულ მოცემულობაში ვართ. ეს უკვე აღარც ლავირებაა და აღარც სტრატეგიული მოთმინება, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ეროვნულ უთავმოყვარეობაში გადაგვდის. ის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არ ნიშნავს, რომ ეროვნული ღირსება, თავმოყვარეობა და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება არ გაგვაჩნია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ვნახეთ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან მიმართებით საკმაოდ მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ასეთ მკაფიო ნაბიჯებს იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცოთ ან „გულზე მჯიღი ვირტყათ“, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი ნაბიჯები ხშირად ურთიერთობის სტილსაც ცვლის და აიძულებს მეორე მხარეს სხვანაირად დაგველაპარაკოს.

მთავარი საკითხი ის არის, რომ მუდმივად მათ „კარზე კაკუნს“ თავი უნდა დავანებოთ, თორემ თუ ამას მათი მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ შემდეგ სურათს: შენ მუდმივად აკაკუნებ დაკეტილ კარზე, ცდილობ კარის გაღებას, ეუბნები – 2028-ში გამიღე, ან 2030-ში, მაგრამ ისინი გიყენებენ პირობებს და გეუბნებიან: თუ გინდა ჩემს „ოჯახში“ შემოსვლა, უნდა მიიღო ჩემი წესები, რომელიც ბავშვებში სქესის შეცვლის დაკანონებას, ლგბტ ქორწინება და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს. პირდაპირ გვეუბნებიან: არ მჭირდება შენი სუვერენიტეტი, კართან დატოვე და ისე შემოდიო. ჩვენ მაინც ვუკაკუნებთ. რას ვეუბნებით ამით? აი, ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ, მაგრამ მაინც შემოვალთ თქვენს ოჯახშიო? ეს ხომ გამორიცხულია, ეს ხომ ვერ მოხდება, კარი ხომ მყარადაა დაკეტილი.

ამ დროს სამყარო იცვლება და საქართველოსთვის მართლაც რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რომ საერთაშორისო გლობალურ ველზე საკუთარი, ახალი სიტყვა თქვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნეიტრალიტეტი გავიტანოთ ქვეყნის გარეთ – ქვეყნის შიგნით ეს უკვე შევძელით, და ამაში ჩვენი პარტიის დიდი წვლილიც არის.

ახლა ეს უნდა გადავიტანოთ საგარეო პოლიტიკაზეც: თუ გვინდა გადატვირთვა, ნორმალიზება დიდ სახელმწიფოებთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ჩინეთთან, მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავება — საჭიროა ახალი შეთავაზება ყველას მიმართ, დაწყებული რეგიონის ქვეყნებით და დამთავრებული დიდ მოთამაშეებით.

ამას ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, არავინ მოვა და არ გვეტყვის – „რა კარგი ქვეყანა ხართ, მოდით და ნეიტრალური იყავითო“. მით უმეტეს, როცა კონსტიტუციაში გვიწერია, ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა. ასეთ ვითარებაში ეს უკვე აღარ არის ბალანსის დაჭერა, ეს ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო საფრთხის შემცველი.

ჩვენ არ ვუკარგავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმ მონაპოვარს, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა და რამაც თავის მხრივ განაპირობა ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ამ პარადოქსული მდგომარეობის პირობებში ეს მიღწევები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს, რადგან არსებობს ბერკეტები და ზეწოლის მექანიზმები  ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.