„ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან შეიქმნა სრულიად უსაფუძვლო მოლოდინი ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით – თითქოს ეს ფასების მომენტალურად შემცირებას გამოიწვევდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
„მე ვნახე კომისიის დასკვნა და უნდა ითქვას, რომ იქ რაც წერია, ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხუთი თვის წინ, თავის ვიდეომიმართვაში ზუსტად იგივე განაცხადა. ზუსტად ეს აღწერა, ეს პრობლემები გამოიტანა საჯაროდ, ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რომლებიც ფასების ასეთ ზრდას განაპირობებდა.
გამოდის, რომ ხუთი თვის განმავლობაში კომისიამ იმუშავა იმისთვის, რომ პრაქტიკულად გაემეორებინა პრემიერის დასკვნა და ანალიზი. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებრივ განწყობაზე, რადგან რაც უფრო დიდი მოლოდინი იქმნება, მით უფრო მაღალია შემდეგ იმედგაცრუებაც.
ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ინიციატივა და სურვილი, რომ ჩავრთულიყავით კომისიის მუშაობაში და წარვადგინეთ 10-პუნქტიანი გეგმაც იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი. ამის ბევრი გზა არსებობს კანონიერი და არა ძალადობრივი, ანტიმონოპოლიური სამსახური, სხვადასხვა კანონები, კონკურენციის შეზღუდვის არდაშვება და სხვა.
რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრება ძვირდება და ფასები იზრდება, მაგრამ აუცილებელია სტაბილურობა და ის, რომ შემოსავლებიც ეწეოდეს ამ ფასებს. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკა თვისებრივად უნდა შეიცვალოს. ამისთვის არსებობს არაერთი კანონიერი და არაძალადობრივი ბერკეტი — მათ შორის ანტიმონოპოლიური სამსახური, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, კონკურენციის დაცვის გაძლიერება და სხვა“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


