“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას აფასებს.
მისი თქმით, ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის მუშაობა არ დასრულებულა ლამაზად გაფორმებული ანგარიშით. მისივე თქმით, ის იქცა პოლიტიკურ ტესტად ხელისუფლებისთვის.
„შეძლებს თუ არა სახელმწიფო დაამტკიცოს, რომ იგი არა მხოლოდ აფიქსირებს საზოგადოების უკმაყოფილებას, არამედ შეუძლია მისი კონკრეტულ შედეგამდე მიყვანა. ეხლა გამოჩნდება ყველაფერი და საუბარია ყველაზე მგრძნობიარე სექტორებზე: სურსათი, მედიკამენტები, საწვავი. სამთვიანი მუშაობის შემდეგ, კომისიამ ოფიციალურად აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი არ არის ფასების ხელოვნური გაყინვა, არამედ ბაზრების სტრუქტურული გაჯანსაღება, გამჭვირვალობა და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობა.
დავიწყოთ პოზიტივით: ხელისუფლებამ პირველად სისტემურ დონეზე წამოსწია ის საკითხი, რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს – რატომ რჩება ძვირი ყოველდღიური მოხმარების კალათა მაშინ, როდესაც ეკონომიკა იზრდება და საქართველო რეგიონულ სატრანზიტო კვანძად ყალიბდება. კომისიამ მოისმინა მწარმოებლები, იმპორტიორები, ნავთობკომპანიების წარმომადგენლები (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საწვავის ფასის ფორმირების მთელ ჯაჭვს) – ეს ნიშნავს, რომ პრობლემა უკვე აღიარებულია არა ემოციურ, არამედ ინსტიტუციურ დონეზე.
მაგრამ ახლა იწყება ყველაზე სარისკო ეტაპი: თუ ეს დასკვნები დარჩება მხოლოდ საპარლამენტო დოკუმენტად, დარტყმა მიადგება არა ბიზნესს, არამედ სახელმწიფოს მიმართ ნდობას. საზოგადოება გადაღლილიც ჩანს და გაღიზიანებულიც, მოქალაქეს არ აინტერესებს თეორიული „მიწოდების ჯაჭვები“ – მას აინტერესებს აფთიაქში ამორტყმული ჩეკი, პურის, ზეთის, ხორცის, ბენზინისა და დიზელის ფასი. შესაბამისად, ლოგიკური დასრულება უნდა იყოს პრაქტიკული შედეგი: მეტი გამჭვირვალობა ფასებში, რეალური ანტიმონოპოლიური კონტროლი, დომინანტური მოთამაშეების შეზღუდვა და ზუსტად იმის ახსნა, სად იქმნება ხელოვნურად გაძვირებული ღირებულება.
ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ფრთხილად და არ აჰყვეს საზოგადოებრივ დაკვეთას: ფასებთან ბრძოლა არ უნდა გადაიზარდოს ბიზნესზე პოპულისტურ ზეწოლაში. ბაზარი არ უნდა დაიმსხვრეს ადმინისტრაციული მეთოდებით, მაგრამ არც ის უნდა იყოს დაშვებული, რომ „თავისუფალი ეკონომიკის“ სახელით არსებობდეს სინქრონული ფასები, გაუმჭვირვალე მარჟები და მომხმარებლისთვის რეალური ალტერნატივის არარსებობა. სწორი გზა არის არა ფასების გაყინვა, არამედ კონკურენციის გაძლიერება, ფასების სტრუქტურის გამჟღავნება და დარღვევებზე მკაცრი რეაგირება.
საბოლოო ჯამში, კომისიამ ხელისუფლებას მისცა შანსი, გახდეს არა დამკვირვებელი, არამედ არბიტრი. თუ 1 მაისის შემდეგ მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, ეს იქნება ძლიერი სოციალური და პოლიტიკური სიგნალი – სახელმწიფომ მოისმინა საზოგადოების ხმა და დაიწყო პრობლემის გადაჭრა. თუ ყველაფერი დასრულდება ანგარიშით და განცხადებებით, საზოგადოებრივი უკმაყოფილება დაუბრუნდება ხელისიფლებას უფრო მძაფრი ფორმით, რადგან ასეთი მოლოდინის შემდეგ – ხალხი ელოდება არა სიტყვებს, არამედ რეალურ შედეგს საკუთარ ჯიბეში. წარმატებები ვუსურვოთ სახელმწიფოს არა ჩასაფრებულების, არამედ კეთილისმსურველების პოზიციებიდან“,-აღნიშნა ქართველიშვილმა.


