შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.
„სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


